ვებგვერდი განახლების პროცესშია

განხორციელებული

იხილეთ სრულად

ფინანსთა საინისტროს აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა სწავლება და მომზადება გაიარეს საგადასახადო სფეროს პრაქტიკოს ექსპერტებთან; აიმაღლეს ცოდნა და გამოიმუშავეს პროფესიული უნარები, რაც მათ დასაქმებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარებათ. სტუდენტები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს საგადასახადო კანონდებლობის მიმოხილვა, კანონდებლობით მოქმედი გადასახადები, საგადასახადო კონტროლი, პასუხისმგებლობა და სხვა მიმართულებები.

IMF- ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი საქართველოში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ახალ კურსს ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა“ უმასპინძლა. პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 7 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ. აკადემიაში სწავლება 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გრძელდებოდა და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ. სემინარში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, თურქეთის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები. მონაწილეები დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში ასევე გაეცნენ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

პროფესიული სასწავლებლების ტრეინინგები აკადემიაში

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა ტრეინინგები განხორციელდა. პირველ ეტაპზე ,,საჯარო ფინანსების მართვის“ მოკლე კურსი პროფესიული სასწავლებლებიდან 81-მა მონაწილემ, 3 ჯგუფად გაიარა. მათ შორის იყვნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, ფინანსური და შესყიდვების სფეროს მენეჯერები. ტრეინინგის მიზანი იყო, მონაწილეები უკეთ გაცნობოდნენ ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების, ინვენტარიზაციის, შესყიდვებისა და საგადასახადო სფეროს მიმართულებებს. მიეღოთ კვალიფიციური პასუხები, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. რაც პირველ რიგში მსმენელების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას ისახავდა მიზნად.

ტაჯიკეთის ფინანსებისა და ეკონომიკის ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი

ფინანსთა სამინისტროს აკადემია ტაჯიკეთის ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და ეკონომიკის ინსტიტუტის დელეგაციას მასპინძლობდა. ვიზიტი სასწავლო ხასიათს ატარებდა და ერთ კვირას გაგრძელდა. აკადემიამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსმენელებისათვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას ძირითადად ფინანსების (შიდა აუდიტი, ბიუჯეტირება, ფისკალური პროგნოზირება, შესყიდვები) და სასწავლო პროცესების მართვის მიმართულებით. სწავლებაში აქტიურად მიიღო მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მომსახურების სააგენტოს, ანალიტიკური სამსახურის, შემოსავლების სამსახურის და სახელმწიფო ხაზინის წარმომადგენლებმა. სტუმრები გაეცნენ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.კურსის ბოლოს, სასწავლო ტურში მონაწილე პირებმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიისგან კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს.

ტრეინინგი-“მაკროეკონომიკური მოდელირებისა და საბიუჯეტო ოფისის როლი საპარლამენტო პროცესებში"

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თემაზე “მაკროეკონომიკური მოდელირებისა და საბიუჯეტო ოფისის როლი საპარლამენტო პროცესებში" ტრეინინგი ჩატარდა. სასწავლო პროგრამა პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაიარა. პროგრამა საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას ითვალისწინებდა და კურსის ფარგლებში ტრეინერად მოწვეული იყო ამერიკელი პროფესორი მიჩ მოხტარი, რომელიც მაკროეკონომიკური მოდელირებისა და ფისკალური რეფორმების განმახორციელებელია სხვადასხვა ქვეყნებში.

ახალი სტუდენტური პროექტი

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ახალი სტუდენტური პროექტი ,,სამართლის სკოლა“ გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პირველ სასწავლო კურსს - ,,საბანკო სამართლის“ თემაზე - აკადემიამ უმასპინძლა. ფინანსთა სამინისტროს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს მათ განვითარებას საგანმანათლებლო მიმართულებით. სამართლის სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას საბანკო სამართალის სფეროში ძირითადი პრობლემური საკითხებისა და საბანკო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზის კუთხით. აღნიშნული პროექტი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას (ELSA Tbilisi), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

საერთაშორისო ტრეინინგი თემაზე: „რისკის ორიენტაცია და რისკის შეფასება“

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ-ის ხელშეწყობით, ფინანსთა სამინისტროსა და ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგი აღმასრულებელი ხელისუფლების ოცდახუთმა შიდა აუდიტორმა გაიარა. საჯარო სექტორის შიდა აუდიტის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მხარჯავ დაწესებულებაში არსებული რისკების განსაზღვრა და შესაბამისად წლის ბოლოს რისკებზე ორიენტირებული წლიური გეგმის მომზადება, გეგმაზე დაყრდნობით აუდიტორული შემოწმებების ჩატარება და სისტემის ეფექტურობის მხრივ რეკომენდაციების შემუშავება.

თვითმმართველობების ტრენინგები პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით

2012 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად გადავიდა პროგრამულ დაგეგმარებაზე, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშივე განისაზღვრება თითოეული პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი შედეგები, რაც სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა და ზრდის საბიუჯეტო პროცესის გამჭირვალობას. 2013 წლიდან პროგრამულ ბიუჯეტებზე გადადიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კომპლექსში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულებისათვის, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა გახსნა. სწავლებას დაესწრნენ GIZ-სა და USAID-ის წარმომადგენლები.

შიდა აუდიტის ტრეინინგები

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურების შიდა აუდიტორების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. ტრეინინგი აკადემიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და ჰარმონიზაციის ცენტრის ინიციატივით განხორციელდა. სასწავლო კურსის მიზანი სახელმწიფო ორგანიზაციებში შიდა აუდიტის დეპარტამენტების განვითარების ხელშეწყობა და მუშაობის პროცესის ეფექტურობის ზრდაა. პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის შიდა აუდიტის ტრეინინგი 20-ამდე საჯარო სამსახურის 25-მა წარმომადგენელმა გაიარა. კურსს პროექტის ფარგლებში მოწვეული გერმანელი ექსპერტები ატარებდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ,,ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას“ (LSBF) შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ფინანთა სამინისტროს აკადემიასა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც LSBF-ში გამოცხადებულ მოკლევადიან კურსებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შუამდგომლობით დარეგისტრირდებიან, 40%-იანი ფასდაკლებას მიიღებენ. ფინანსთა სამინისტროს აკადემია მსურველებს ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის წამყვანი პროფესიული კურსების გავლას დისტანციური სწავლების მეთოდით სთავაზობს. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა ორმაგი სერტიფიკატი.

IMF- ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში

პირველად რეგიონში, თბილისმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის ერთ-ერთ ფლაგმანურ სასწავლო კურსს უმასპინძლა სასწავლო კურსი თემაზე: ,,მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები“ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე წლის 20-დან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ორგანიზებულ სასწავლო კურსში, ქართველ კოლეგებთან ერთად ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა მიიღეს: აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. ქართული მხრიდან - ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტაჟიორთა შერჩევა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, მომსახურების სააგენტოში, სტაჟირების მსურველთა შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა საზოგადოების ინფორმირება, ელექტრონული რეგისტრაცია და კანდიდატთა 3 ეტაპიანი შერჩევა. მსურველებმა შემოწმება გაიარეს პროფესიული, ზოგადი უნარებისა და ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) შესამოწმებელ ტესტებსა და საკონკურსო კომისიასთან. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობა 1500-მდე მსურველმა მიიღო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთა შერჩევა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების მსურველთა შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა საზოგადოების ინფორმირება, ელექტრონული რეგისტრაცია და კანდიდატთა 3 ეტაპიანი შერჩევა. მსურველებმა შემოწმება გაიარეს: პროფესიული, ზოგადი უნარებისა და ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) შესამოწმებელ ტესტებსა და საკონკურსო კომისიასთან. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობა 1534-მა ადამიანმა მიიღო. მისი მიზანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის ახალი და კვალიფიციური კადრების მოძიება იყო.

საგადასახადოს კურსი დამწყები ბიზნესმენებისთვის

 პროექტის ფარგლებში, თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მომზადება გაიარეს თემაზე - ,,საგადასახადოს კურსი დამწყები ბიზნესმენებისთვის“. ტრეინინგგი ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით განახორციელა და მასში 20 ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მსმენელებმა შისწავლეს ბიზნესის რეგისტრაცია და მისი პროცედურები; საგადასახადო კანონმდებლობა და პრაქტიკული ბუღალტერია.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, სასწავლო კურსის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებსა და შემოსავლების სამსახურის ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის. სადაც, მონაწილეებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ და განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხები. აკადემია აღნიშნული საქმიანობით ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ახალ პოლიტიკას - ,,სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებას“.
  

თანამშრომლობა ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსთან 

საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის გაფორმებული “2011 წლის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა ინგლისურენოვანი ტრეინინგი თემაზე: “საგადასახადო აუდიტი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის". პროგრამის ფარგლებში გადამზადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19-მა აუდიტორმა და საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გაიარეს. შეხვედრაზე განხილული იქნა: ნიდერლანდებისა და საქართველოს საგადასახადო სამსახურებში აუდიტის ორგანიზება, ბიზნესისა და სიტუაციის ტიპოლოგია, შიდა კონტროლის სახეობები, ნაღდი ფულის ანალიზი, მტკიცებულების შეფასება, დოკუმენტაციის შედგენა და მონაცემების დამუშავება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის ჩატარება საგადასახადო აუდიტის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობას სსიპ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღებენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთა მომზადება

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაჟიორების მომზადება განახორციელა. 12-მა სტაჟიორმა, სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამების მეშვეობით, საგამოძიებო სამსახურში საქმიანობისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. სასწავლო კურსი 8 საგანს აერთიანებდა, კერძოდ: საგადასახადო სამართალი, საგადასახადო ადმინისტრირება, ბუღალტრული აღრიცხვა, სახაზინო ოპერაციები, სახელმწიფო შესყიდვები, საგადასახადო აუდიტი, სასამართლო – საბუღალტრო ექსპერტიზა, საბიუჯეტო სისტემა. სტაჟიორებმა ჩააბარეს შუალედური და შემაჯამებელი გამოცდები ყველა დისციპლინაში. ტრეინინგი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს იყო სტაჟიორთა მესამე ნაკადი, რომელიც აკადემიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის მოამზადა. ამ პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი პროფესიული მომზადება სულ საგამოძიებო სამსახურის 174-მა სტაჟიორმა გაიარა. 


 

 

 


 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია