ივანე მაჭავარიანი ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო

28 სექტემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო.

ფინანსთა მინისტრი გაესაუბრა ტრენინგების მონაწილეებს და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. როგორც მან აღნიშნა, აკადემიის საქმიანობა მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, სასწავლო პროგრამების მონაწილეებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, 2018 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა და აღნიშნული პერიოდიდან ხორციელდება სასერტიფიკატო, საერთაშორისო და სტაჟირების სხვადასხვა ტრენინგპროგრამები, რომელთა ძირითადი მიმართულებებია: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო კანონმდებლობა, მენეჯმენტი და უნარ-ჩვევები. აკადემიის სერვისების მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან.