მინისტერიალი ავსტრიაში

06 დეკემბერი, 2018
ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, მსოფლიო ბანკის საფინანსო ანგარიშგების რეფორმის ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის საბჭოს ავსტრიის ოფისის თავმჯდომარეობით, ჩატარდა მინისტერიალი, სადაც წარმოდგენილი იყო 12 ქვეყნის დელეგაცია მათ შორის საქართველო.

ღონისძიება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შედგა, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს მზარდა ანგარიშვალდებულებამ, კერძო და საჯარო სექტორის განვითარებას, ევროკავშირისა და მისი უშუალო მეზობლების, ბალკანეთის ნახევარკუნძულის და დასავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური დაახლოების საკითხებში.

კონფერენციის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ წარმოდგენილ ქვეყნებს შორის საერთაშორისო საჯარო სექტორში საბუღალტრო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. 

სწორედ აღნიშნული საკითხების ირგვლივ, კონფერენციაში ქართველ დელეგატებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე, სადაც მან ისაუბრა აკადემიის სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე, ქართულმა დელეგაციამ წარადგინა პრეზენტაციები იმის შესახებ, თუ რა პროგრესი განიცადა ჩვენი ქვეყნის საჯარო სექტორმა საბუღალტრო პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

ღონისძიებას ესწრებოდა 300-მდე დელეგატი, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორიდან, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საერთაშორისო და ევროკავშირის ინსტიტუტების ექსპერტები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, განიხილეს სამომავლოდ მსგავსი შინაარსის კონფერენციის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ეგიდით გამართვის შესაძლებლობა.