ქ. ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნა

21 ნოემბერი, 2018 დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ დავით გაბაიძემ გახსნეს. აკადემიის გახსნის ღონისძიებას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქ. ბათუმის მერი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, აკადემიის ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ისაუბრა ბათუმში დაგეგმილ აქტივობებზე, სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე. აკადემიის ბათუმის ფილიალში განხორციელდება სასერტიფიკატო, საერთაშორისო და სტაჟირების სხვადასხვა ტრენინგპროგრამები, რომელთა ძირითადი მიმართულებები იქნება: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო კანონმდებლობა, მენეჯმენტი და უნარ-ჩვევები. აკადემიის სერვისების მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. აკადემიაში სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება. შენობაში განთავსებულია სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი და თავისუფალი სამუშაო სივრცე. ღეიდან აკადემიაში პირველი სასწავლო კურსი „საგადასახადო კანონმდებლობის“ თემაზე დაიწყო და მას კერძო და საჯარო სექტორის 25 წარმომადგენელი გაივლის. აკადემია ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტთან (JVI), ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GiZ), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, არაერთ რეგიონალურ პროექტს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტრენინგკურსი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობით, ბათუმში, დეკემბერშია დაგეგმილი. 2011 წლიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში კვალიფიკაცია 50 000-ზე მეტმა დაინტერესებულმა მსმენელმა აიმაღლა. აკადემია, ასევე, ფლობს ხარისხის მართვის საერათაშორისო სერტიფიკატს ISO 9001:2015, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიის პროცესების მაღალი სტანდრტებით მიმდინარეობას.