საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიზანია, აკადემია გახდეს რეგიონალური ცენტრი ფინანსური მიმართულების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაზიარების სფეროში. შესაბამისად, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გააღრმაოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან გამოცდილების გაცვლის,  სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ერთობლივი სასწავლო პროექტების  განხორციელების მიზნით. 

სამსახურის მიერ გათვალისწინებული მიზნების მიღწევა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო დონის განათლებას და გაზრდის საზოგადოების ჩართულობას საერთაშორისო სასწავლო კურსებზე.

სტრატეგიული მიზნები საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად


1. აკადემია უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის განვითარებასა და პროფესიული უნარების განმტკიცებას, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდას, საერთაშორისო და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან ან კოლეგა ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გზით.

2. აკადემია საერთაშორისო თანამშრომლობით მიღებული გამოცდილებიშემუშავებულ სასწავლო პროგრამებსა და ცოდნას სთავაზობს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

3. აკადემია უზრუნველყოფს საერთაშორისო კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, ფინანსური მიმართულების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით. 

4.  აკადემია განამტკიცებს და აღრმავებს თანამშრომლობას მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტებთან და ტრენერებთან, იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, პრაქტიკული, მოქნილი და მსმენელთა მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამები.

 

თანამშრომლობა ძირითად საერთაშორისო პარტნიორებთან


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) და ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტთან (JVI) თანამშრომლობით, 2012 წლიდან ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ წელიწადში რამდენჯერმე ორგანიზდება და ტარდება სხვადასხვა ქვეყნების საჯარო მოხელეებზე ორიენტირებული, მიზნობრივი, პროფესიული სასწავლო კურსები ინგლისურ ენაზე, რომლებსაც უძღვებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ეკონომისტები/ექსპერტები. 

ტრენინგები საერთაშორისო მასშტაბისაა და  მათი ჩატარება ხელს უწყობს ქვეყნის აქტიურ ჩართვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ინსტიტუტის (ICD)  საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში.  აღნიშნული ქვეყანას ეხმარება ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონალური საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხორციელდება მაღალხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და ასევე, ქართული რეფორების გაზიარება. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს შორის 2008 წელს პირველად გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა თანამშრომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის კადრების პროფესიული გადამზადებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების, კონსულტაციების გაწევისა და სამუშაო ვიზიტების ორგანიზების კუთხით. მემორანდუმის პირობების გათვალისწინებით, ორ წელიწადში ერთხელ მზადდება და ხელი ეწერება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელიც ორიენტირებულია მოცემული  მომენტისთვის არსებულ აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ეკონომიკურ და ფინანსურ თემებზე. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროფესიულ სასწავლო კურსებში ნიდერლანდებსა და სლოვენიაში (National Academy for Finance and Economy და Centre of Excellence in Finance, CEF).

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women)  შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემია ქალი მეწარმეებისთვის ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რითაც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას  და მათ აქტიურ ჩართვას სამეწარმეო საქმიანობაში.

აკადემიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის 2016 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, აკადემიის უშუალო ორგანიზებით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის 2016-2017 წლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები უცხოელი ექსპერტის მიერ. აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებას - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციფიური სახის სამუშაო პროცესების ევროპულ სტანდარტებზე სრულად მორგებას.  

აღნიშნული თანამშრომლობა აკადემიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და ემსახურება საზოგადოების ადამიანური რესურსების პოტენციალის განმტკიცებას, დასაქმების შესაძლებლობის გაუმჯობესებასა და თვითრეალიზებას. ამასთან უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც ფინანსურად და ეკონომიკურად განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია.